შოთა არველაძემ ვან გაალი გაამხნევა - იყავი ძლიერი და მალე გამოჯანმრთელდი #1TVSPORT
შოთა არველაძემ ვან გაალი გაამხნევა - იყავი ძლიერი და მალე გამოჯანმრთელდი #1TVSPORT

შოთა არველაძემ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და თანადგომა გამოხატა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის მიმართ, რომელიც მისი ყოფილი მწვრთნელი იყო.

„ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია „ბარსას“ ყოფილი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის მიმართ, რომელსაც პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. იყავი ძლიერი, ლუი და მალე გამოჯანმრთელდი“, – წერს შოთა არველაძე.

არველაძეს ლუი ვან გაალთან დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებს. 2005–2007 წლებში მისი ხელმძღვანელობით „ალკმაარში“ თამაშობდა, ხოლო 2008-2010 წლებში სამწვრთნელო კარიერაც „ალკმაარში“ მისი ასისტენტობით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის გაცილების მატჩზე ლუი ვან გაალი თბილისში ჩამოვიდა და მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ შოთა არველაძის მეგობრების გუნდს ხელმძღვანელობდა.

ლუი ვან გაალმა თავად განაცხადა, რომ პროსტატის კიბოს მკურნალობს. ნიდერლანდელმა, რომელიც ამჟამად საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, ამის შესახებ განცხადება კვირას ნიდერლანდურ სატელევიზიო გადაცემა Umberto-ზე გააკეთა. 70 წლის ვან გაალმა თქვა, რომ ბოლო საერთაშორისო შესვენებაზე ფეხბურთელებს ამ ამბებს უმალავდა.

ვან გაალმა მოიგო ტიტულები ესპანეთში, ინგლისში, გერმანიასა და ნიდერლანდებში -„მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ბარსელონასთან“, „ბაიერნთან“, „ალკმაართან“ და „აიაქსთან“ ერთად. ხოლო ამსტერდამული გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებამდე 1995 წელს მიიყვანა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრები მესამე ადგილზე გაიყვანა.

„მე არ მინდოდა ჩემი მოთამაშეებისთვის მეთქვა ამის შესახებ, რადგან ამას შეიძლება გავლენა მოეხდინა მათ თამაშზე. ღამით საავადმყოფოში მიწევდა წასვლა და ფეხბურთელებმა ამის შესახებ არ იცოდნენ. მე მეგონა, რომ ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ… არ ვარ“, – ამბობს ცნობილი მწვრთნელი.

ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად მესამედ დაინიშნა და ყატარში 2022 წელს გასამართ მუნდიალზეც გუნდი მისი ხელმძღვანელობით ითამაშებს. ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი „ა“ ჯგუფში სენეგალთან, ეკვადორთან და მასპინძელ ყატართან ერთად მოხვდა.