შოთა არველაძემ მსაჯები გააკრიტიკა - სამწვრთნელო კარიერაში ყვითელი ბარათი პირველად მივიღე და არც ვიცი, რა იყო მიზეზი #1TVSPORT
შოთა არველაძემ მსაჯები გააკრიტიკა - სამწვრთნელო კარიერაში ყვითელი ბარათი პირველად მივიღე და არც ვიცი, რა იყო მიზეზი #1TVSPORT

შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუქმა“ თურქეთის თასზე „სამსუნსპორთან“ მატჩში 2:1 გაიმარჯვა და ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა. ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და მსაჯები გააკრიტიკა.

„თასის თამაშისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. ამიტომ ნაკლებად დატვირთული მოთამაშეები გამოვიყენე. მათ შანსი მომავალშიც მიეცემათ. მინდა, გუნდს წარმატება მივულოცო, რადგან 78-ე წუთამდე ვაგებდით, გამარჯვება კი 89-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოგვიტანა.

მსაჯებს რაც შეეხება, მათი მოქმედებებით გაკვირვებულები ვართ, რადგან სერიოზულ უხეშობაზე თვალები დახუჭეს. იყო ეპიზოდი, როცა ჩვენს ფეხბურთელს ეუხეშნენ, მაგრამ მსაჯმა დარღვევა მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დააფიქსირა.

ბურთი არავის მისამართით მისროლია. არბიტრებს ვუთხარი, რომ ეს არ იყო უპატივცემულობის გამოხატულება, უბრალოდ, ემოციების გამო მოედანზე გადავაგდე, თუმცა მათ დამსაჯეს და სამწვრთნელო კარიერაში ყვითელი ბარათი დღეს პირველად მივიღე.  ეს რატომ მოხდა, არ ვიცი.

სად უფრო მსურს წარმატება, თასზე თუ ჩემპიონატში? ჩვენ მოედანზე თითოეული მატჩის მოსაგებად გავდივართ. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში წარმატება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ტიტულების კატეგორიების მიხედვით დახარისხება არასწორი იქნება“, – განაცხადა არველაძემ.