შოთა არველაძემ „ჰალის“ ფორმა შეცვალა და გაიმარჯვა - ეს ცრურწმენა არაა, თამაშს იგებს გუნდი და არა ფორმა #1TVSPORT
შოთა არველაძემ „ჰალის“ ფორმა შეცვალა და გაიმარჯვა - ეს ცრურწმენა არაა, თამაშს იგებს გუნდი და არა ფორმა #1TVSPORT

შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა ჩემპიონშიფის 42-ე ტურის შეხვედრაზე, სადაც „ჰალ სიტიმ“ „კარდიფ სიტი“ 2:1 დაამარცხა. გუნდმა საშინაო სტადიონზე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „ჰალ სიტიმ“ ქულით გადაასწრო „ბირმინგემს“, რომელიც სახლში „ქოვენთრისთან“ 1:4 დამარცხდა.

„ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჰალი“ ლიგაში დარჩა – ეს შესანიშნავია მწვრთნელისთვის და ფეხბურთელებისთვის. პირველი ტაიმი კარგი იყო. მეორეში ბურთის კონტროლი დავთმეთ, მაგრამ მოთამაშეებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ჩვენს გულშემატკივრებს სახლში გამარჯვების საოცარი განცდა ვაჩუქეთ.

გვიყვარს გუნდის ფერები, მაგრამ კარგად ვითამაშეთ შავ მაისურში, რომლითაც გასვლაზე მოვიგეთ. წინა საშინაო თამაშში (ჰადერსფილდთან) ფორმის შეცვლა მინდოდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, ამიტომ დღეს კიდევ ვკითხე და მითხრეს, რომ ეს შესაძლებელი იყო. ყველაფერი მარტივადაა. ეს არ არის ცრურწმენა – ზოგჯერ ფიქრობ რაღაცის შეცვლაზე და ეს აუცილებელია, თორემ თამაშს იგებს არა ფორმა, არამედ გუნდი.

გუნდი სახლში წინა ტურებშიც არანაკლებად თამაშობდა, მაგრამ დამარცხდა, ახლა კი მოთამაშეებმა თავიდან აიცილეს ანტირეკორდი. გვქონდა მატჩები, სადაც ვერაფერი გავაკეთეთ და წავაგეთ. სათქმელი არაფერი იყო. ზოგჯერ თამაშის შემდეგ იმედგაცრუებულიც ვიყავი, რადგან ჩემი გუნდი უკეთესი იყო, მაგრამ ქულაც ვერ მოიპოვეთ.

დღეს პირიქით იყო. თავი კარგად დავიცავით, შევქმენით მომენტები და მეორე ტაიმის დასაწყისში შეგვეძლო წერტილი დაგვესვა.

მეორე ტაიმში თამაშის „მოკვლა“ მოგვიხდა. დარჩენილი გვაქვს ოთხი თამაში და ყველამ დაინახა, რომ „ჰალ სიტის“ უყვარს კარგი ფეხბურთი. ჩვენს მოთამაშეებს უნდათ პროგრესი, რაც მწვრთნელებისთვის ყველაზე სასიხარულოა. ლიგაში დავრჩით, მაგრამ ბიჭებს გამარჯვება და მეტი ქულის მოპოვება სურთ“, – განაცხადა შოთა არველაძემ.