შოთა არველაძემ „ფატიჰ კარაგუმრუქთან“ პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
შოთა არველაძემ „ფატიჰ კარაგუმრუქთან“ პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის გუნდი „ფატიჰ კარაგუმრუქი“ ჩაიბარა და ფეხბურთელებთან პირველი ვარჯიში გამართა, – ინფორმაციას და ფოტოებს კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სუპერლიგის გუნდის ერთ-ერთი აქციონერი არჩილ არველაძეა. გუნდი ალფარსლან ერდემს დაშორდა და ქართველ მწვრთნელთან შეთანხმებას სწრაფად მიაღწია. შოთა არველაძემ პირველ საწვრთნელ პროცესზე მოთამაშეებს საკუთარი გეგმა გააცნო.

50 წლის ქართველს სპეციალისტს ექვს სხვადასხვა გუნდში უმუშავია. შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ლუი ვან გაალთან ნიდერლანდების „ალკმაარში“ (2008–2010) ასისტენტის რანგში დაიწყო, შემდეგ კი დამოუკიდებლად საქმიანობდა.

„ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი წვრთნიდა თურქულ „კაისერს“ (2010–2012), „კასიმპაშას“ (2012–2015), „ტრაბზონსფორს“ (2015). 2016–2017 წლებში თელ-ავივის „მაკაბიში“ იყო, 2017–2020-ში – ტაშკენტის „პახტაკორში“, ხოლო 2022 წელს ინგლისურ „ჰალ სიტის“ ავარჯიშებდა.

მწვრთნელის რანგში მან 373 მატჩი ჩაატარა, აქედან შოთა არველაძის გუნდებმა 189-ჯერ მოიგეს, 76-ჯერ ფრედ ითამაშეს და 108 მატჩი წააგეს.