შოთა არველაძე - ვფიქრობ, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონს საქართველო მოიგებს
შოთა არველაძე - ვფიქრობ, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონს საქართველო მოიგებს
შოთა არველაძეს აზერბაიჯანულმა გამოცემა „აზერისპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა. უზბეკური საფეხბურთო კლუბის, ტაშკენტის „ფახტაკორის“ ქართველ მთავარ მწვრთნელს კითხეს, ბაქოს „ნეფთჩიში“ სამუშაოდ თუ იწვევენ.
 
„ზარები აღარ ყოფილა. მე ისევ უზბეკეთში ვარ. მერე რა მოხდება, დრო გვაჩვენებს. აზერბაიჯანულ ფეხბურთსაც თვალს ვადევნებ. ბოლოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშს ვუყურე, სადაც ჩემმა ძმისშვილმა თქვენებს გაუტანა“ – ამბობს არველაძე.
არველაძემ ქართული კლუბებისა და საქართველოს ნაკრების შესახებაც ილაპარაკა: „სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში ასეთი ფინანსები არ გვაქვს, როგორც აზერბაიჯანშია და ევროპული გათამაშებების ჯგუფურ ეტაპზე ამიტომ ვერ ვთამაშობთ. მაგრამ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გააჩნია. მეტოქეები საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ ერთი ცუდი მატჩი ჩავატარეთ – ეს დანიასთან თამაში იყო. ყველა სხვა მატჩი, იგივე დანიასთან, ასევე შვეიცარიასა და ირლანდიასთან, ჩვენებმა ძალიან ღირსეულად ჩაატარეს, ერთა ლიგის ჯგუფი კი მარტივად გავიარეთ. ჩვენ ნელ-ნელა კარგ დონეზე ავდივართ და ვფიქრობ, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონს მოვიგებთ“.
საქართველოს ევრო2020-ზე მოხვედრის შემთხვევაში, ერთი მატჩის ბაქოში ჩატარება თუ გსურთ? ქართველ სპეციალისტს ეს კითხვაც დაუსვეს: „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევრო ევრო 2020-ის ფინალურ ნაწილს ვერ მივაღწევთ, ჩვენ მაინც მოხარული ვართ, ევროპის ჩემპიონატის მატჩები ბაქოში რომ გაიმართება. ტურნირის ფინალურ ეტაპზე საქართველო თუ მოხვდება, ბევრი ქართველი მანქანაში დაჯდება და ბაქოში ჩამოვა. სასიამოვნოა, რომ თქვენს ქვეყანაში ასეთი ტურნირი ჩატარდება. ეს ქართველებისთვის მოტივაციაა, რომ ასეთი მასშტაბის შეჯიბრების მასპინძლობა ჩვენც შეგვიძლია“.