შოთა არველაძე - თურქები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და დიდ სითბოს გამოხატავენ #1TVSPORT
შოთა არველაძე - თურქები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და დიდ სითბოს გამოხატავენ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ეხმაურება თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ტრაბზონში მატჩისას გამართულ პერფომანსზე, იმ ქვეყნების დროშებს შორის, რომლებიც თურქეთს ეხმარებიან, საქართველოს დროშა არ იყო.

„თურქეთში რთული დროა და დღემდე გრძელდება მაშველი ჯგუფების უწყვეტი მუშაობა. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს შეთავაზებით და ძალისხმევით თურქეთში ქართველი მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. თურქეთში უამრავი ქართველი ემიგრანტია, ზოგი მუშაობს, ზოგი ოჯახებით ცხოვრობს. მათ დასახმარებლად, მათი ინფორმირებულობისთვის საელჩომ ბევრი გააკეთა და ამ დრომდე აქტიურად მუშაობს.

ფეხბურთს ხალხის გაერთიანების განსაკუთრებული ძალა აქვს. ასეთ რთულ დროს „ტრაბზონსპორის“ თურქეთში თამაში და თანაც გამარჯვება ხალხისთვის ერთგვარი შვება იყო. თუმცა, გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ მატჩის დაწყებამდე, პერფორმანსში საქართველოს დროშა სხვა ქვეყნების დროშების გვერდით ვერ ვნახე.

თურქები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და დიდ სითბოს გამოხატავენ, სოციალურ ქსელებშიც და საჯარო საუბრებშიც, ამიტომ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა მხოლოდ ამ ბანერით არ შეფასდება. მაგრამ ამ ფაქტმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია და იმედია, ზუსტად გავიგებთ, რა მოხდა. მთავარია, ყველა თურქის გულს მისწვდა ის დახმარება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლაც განაგრძობს“, – ამბობს შოთა არველაძე.