შოთა არველაძე - შევეცადე ჩემი სიტყვებით, შეულამაზებლად გადმომეცა განვლილი გზა #1TVSPORT
შოთა არველაძე - შევეცადე ჩემი სიტყვებით, შეულამაზებლად გადმომეცა განვლილი გზა #1TVSPORT

შოთა არველაძე გულშემატკივრებს შეხვდა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ვერის ბაღის საფეხბურთო სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა ფეხბურთზე, ავტობიოგრაფიულ წიგნსა და სხვადასხვა პერიოდის საინტერესო ამბებზე.

ადგილზე შესაძლებელი იყო წიგნის შეძენაც. იმ ადამიანებს, ვინც შოთა არველაძის შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენა, ავტორმა წიგნი ავტოგრაფით გადასცა.

შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ფონდ არველაძის დაფინანსებით დაიბეჭდა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ავტობიოგრაფიული ნაშრომი „გუშინ“ 2009 წელს გამოიცა.

შოთა არველაძე მისი ბავშვობის, განვლილი კარიერის, ოჯახის წევრების, მეგობრების, თანაგუნდელების, სასიამოვნო მომენტების, პრობლემებისა და კარიერული წარმატებების შესახებ წერს. 2020 წელს არველაძემ წიგნის განახლებული ვერსია გამოსცა.

„შევეცადე ჩემი სიტყვებით, შეულამაზებლად გადმომეცა ჩემი განვლილი გზა და ის სირთულეები, რომლის გავლაც კარიერაში მომიხდა“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

დათო ტურაშვილი, მწერალი: „ეს ის წიგნია, რომელიც ყველა დამწყებმა ფეხბურთელმა და საერთოდ,  ადამიანებმა უნდა წაიკითხონ, რადგან არის ისტორია ადამიანის, რომელმაც ბევრს მიაღწია“.