შოთა არველაძე - „შეფილდისთვის“ შეგვეძლო საქმე გაგვერთულებინა, მაგრამ შანსები ხელიდან გავუშვით #1TVSPORT
შოთა არველაძე - „შეფილდისთვის“ შეგვეძლო საქმე გაგვერთულებინა, მაგრამ შანსები ხელიდან გავუშვით #1TVSPORT

შოთა არველაძემ სინანული გამოთქვა „შეფილდ იუნაიტედთან“ ორი რეალური საგოლე მომენტის ხელიდან გაშვებისთვის, რომლის შედეგადაც მისი გაწვრთნილი „ჰალ სიტი“ საშინაო არენაზე 0:2 დამარცხდა.

ოლი მაკბერნისა და სანდერ ბერგეს გოლებმა „შეფილდი“ ჩემპიონშიფის პირველ ადგილზე დააბრუნა, ხოლო „ჰალ სიტიმ“ საშინაო მატჩებში 100-პროცენტიანი ქულების დაგროვება დაასრულა.

არველაძე, რომლის გუნდმაც ბოლო ხუთ წელიწადში თამაშზე ყველაზე დიდი რაოდენობით გულშემატკივარი მიიზიდა (20 ათასი ადამიანი), ამბობს რომ ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს შესაძლებლობები მის ფეხბურთელებს გოლად რომ გარდაესახათ.

„კარგი თამაში იყო. „შეფილდის“ წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია. იყო მომენტი, როდესაც ჩვენ რეალურად შეგვეძლო გატანა და თამაშში დავრჩენილიყავით, შემდეგ კი მეტოქესთვის ყველაფერი გაგვერთულებინა. ეს პირველი ტაიმის ბოლოს იყო, მაგრამ ორივე შანსი ხელიდან გავუშვით.

მეორე ტაიმში ბევრი მომენტი ვერ შევქმენით – რამდენიმე საჯარიმო დარტყმა და კუთხურები შევასრულეთ, მაგრამ რეალური შანსები მეტოქესაც არ ჰქონდა – რამდენიმე დარტყმა საჯარიმო მოედნის გარედან, მაგრამ საჭირო დროს გაიტანეს.

ეს იყო მძიმე მარცხი, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს გუნდმა ბევრი დადებითი თვისება აჩვენა. ვიცით, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ თუ შრომას გავაგრძელებთ, ვიცი, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა არველაძემ.