შოთა არველაძე - საქართველოში ნაკრების მწვრთნელობა პრემიერობაზე რთულია
შოთა არველაძე - საქართველოში ნაკრების მწვრთნელობა პრემიერობაზე რთულია

შოთა არველაძემ რუსულმა გამოცემა „სპორტს.რუ“-სთან ვრცელ ინტერვიუში არ დამალა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე ორჯერ უარი თქვა.

„პირველი შეთავაზება მაშინ მქონდა, კარიერა რომ დავამთავრე. ძალიან მინდოდა, მაგრამ გამოცდილება არ მქონდა. მაშინ ეროვნულ ნაკრებში ჩემი მეგობრები თამაშობდნენ. ასეთ პირობებში მწვრთნელობა თითქმის შეუძლებელია. უნდა ამეკრძალა ის, რასაც თავად მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. მაგალითად, გვიანობამდე კარტს ვთამაშობდი. ყველა მწვრთნელი ამას გვიკრძალავდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვთამაშობდით.

მეორედ შემოთავაზება მაშინ მქონდა, როდესაც კახა ცხადაძე ფედერაციას ახალ ხელშეკრულებაზე არ დათანხმდა. მე მისი შეცვლა შემომთავაზეს, მაგრამ ეს ლამაზი არ იქნებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა: ვლადიმირ ვაისი მიიწვიეს, რომელმაც მრავალი მატჩი მოიგო. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ის მაინც გაიყვანს“, – ამბობს 47 წლის სპეციალისტი.

არველაძემ ადრინდელი მოსაზრება კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოში პრემიერმინისტრობა უფრო ადვილია, ვიდრე ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა: „საქართველოში ყველა ეკონომიკასა და რეფორმებზე არ გელაპარაკებათ, ფეხბურთი კი ყველას შენზე უკეთ ესმის. ეს რაში მჭირდება? მოთამაშე ვერ გაიტანს – ისევ მწვრთნელს აგინებენ. ეს რა ჩემი ბრალია? პასი მე არ გამიკეთებია და მე არ დამირტყამს. მოედანზეც არ ვარ. სკამზე ვზივარ“.