შოთა არველაძე - „ნოტინგემთან“ ფრე სეზონის შესანიშნავი დასასრული იყო #1TVSPORT
შოთა არველაძე - „ნოტინგემთან“ ფრე სეზონის შესანიშნავი დასასრული იყო #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონშიფში სეზონი დასრულდა, შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ბოლო ტურის დრამატულ მატჩში პრემიერლიგის პლეი ოფში გასულ „ნოტინგემთან“ მისმა გუნდმა ბოლო წამებზე ანგარიში კინ ლუის-პოტერის გოლით გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა (1:1).

„გიჟური ფინალი იყო! ვინმეს რომ სცოდნოდა, ბოლო სამი წუთი ასეთი საინტერესო იქნებოდა, უბრალოდ ბოლო ხუთ წუთზე მოვიდოდა – ორი წუთი სტადიონზე შემოსვლისთვის დასჭირდებოდა, სამი წუთი საყურებლად!“ – იხუმრა არველაძემ.

ქართველი მწვრთნელის აზრით, გუნდმა ეს ქულა ძლიერ მეტოქესთან დაიმსახურა:

„90 წუთი იყო საკმაოდ დაძაბული, კარგი თამაში, შანსები ორივე მხარეს ჰქონდა. მეტოქე კარგი გუნდია და უნდა ითქვას, თამაშს აკონტროლებდა. ვცდილობდით ცოტა უფრო მაღლა ამოვსულიყავით და თავი უფრო ორგანიზებულად დაგვეცვა, ასევე გამოგვეყენებინა ჩვენი შანსი – ორი-სამი კარგი მომენტიც შევქმენით. გულშემატკივრებმა კარგი თამაში იხილეს, ბოლო წუთზე გოლის გატანა და მატჩის გადარჩენა კი ყოველთვის სასიამოვნოა“.

ბოლო წამებზე გოლმა უზომო სიხარული გამოიწვია და კითხვაზე, ისევ ზეიმობს თუ არა კინ ლუის-პოტერი, არველაძეს გაეცინა:

„თუ არ ზეიმობს, ისევ უნდა ვთხოვო, რომ მოედანზე შევიდეს! ეს სეზონის ბოლო თამაში იყო და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვითამაშებთ. ხალხმა ბოლო წამზე დიდი ემოცია მიიღო. ფეხბურთი წარმოუდგენელი თამაშია – ორი წამი ადამიანებს ფანტასტიკურ ხასიათზე აყენებს. ენერგიას, რომელსაც იღებთ ხალხისგან, ვერ იყიდით. ეს სეზონის შესანიშნავი დასასრული იყო“.