შოთა არველაძე - მეტოქე ჩქარობდა და ანერვიულდა #1TVSPORT
შოთა არველაძე - მეტოქე ჩქარობდა და ანერვიულდა #1TVSPORT

ჩემპიონშიპის მე-4 ტურში „ბარნლისთან“ გასვლით შეხვედრაში მოპოვებულ ქულაზე (1:1) და განვლილ მატჩზე „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ისაუბრა.

ოზან ტუფანის გოლმა „ვეფხვები“ დააწინაურა, მაგრამ ჯეი როდრიგესმა მალე გაათანაბრა და მატჩი ფრედ დასრულდა. თუმცა ეს ქულა ნიშნავს, რომ „ჰალ სიტი“ ლიგის 4 მატჩის შემდეგაც დაუმარცხებელია.

„ქულა ავიღეთ. ვიცით, რომ აქ მოსვლა და თამაში ადვილი არ არის, მაგრამ გვქონდა შანსი, გავიტანეთ გოლი და მათ თამაში​ გავურთულეთ. საბოლოოდ კი ქულა მოვიპოვეთ. ვიცოდით, რას აკეთებდნენ ისინი, გარემარბები ოდნავ ცენტრისკენ შევწიეთ, რამაც მეტოქეს თამაში გაურთულა, ჩვენ კი შანსები შევქმენით. ჩვენი გოლი ამის მაგალითი იყო“, – თქვა არველაძემ.

ქართველი მწვრთნელის თქმით, ბოლოს მეტოქეს ნერვიულობა დაეტყო:

„მათ მოგება სჭირდებოდათ და უნდა ეჩქარათ. თუ დააკვირდებით, რამდენი ბურთი დაიჭირა ჩვენმა მეკარემ მეტოქის გრძელი პასების შედეგად, დაინახავთ, რომ „ბარნლი“ ჩქარობდა და როცა ჩქარობ, უფრო მეტ შეცდომას უშვებ“.

არველაძემ კომენტარი თურქი ლეგიონერის, ოზან ტუფანის გოლის შესახებაც გააკეთა:

„ფანტასტიკური დარტყმა იყო – ასეთი რამ მას ახასიათებს. ის ბრწყინვალე ბიჭია, რომელმაც ფეხბურთის თამაში იცის“.

4 ტურის შემდეგ, „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიპში დაუმარცხებელია და 8 ქულით მე-2 ადგილზეა.