შოთა არველაძე - მეორე მსოფლიო ომში საქართველომ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა
შოთა არველაძე - მეორე მსოფლიო ომში საქართველომ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა

„სიმბოლური იყო, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ნიშნად, რაიხსტაგზე დროშა ქართველმა მელიტომ ქანთარიამ აღმართა“, – განაცხადა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა „არგუმენტი ნედელიასთან“ ინტერვიუში.

მელიტონ ქანთარია საბჭოთა კავშირის გმირი იყო, რომელმაც 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე, რაიხსტაგზე ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დროშა მიხაილ ეგოროვთან ერთად აღმართა. მართალია, ომი კიდევ გაგრძელდა, მაგრამ ეს მოვლენა ბერლინისთვის ბრძოლაში სიმბოლური მომენტი იყო.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა და უეფა-ს თასის ისტორიაში საუკეთესო „მეგოლეების“ ხუთეულში დამკვიდრებულმა ფეხბურთელმა რუსულ გამოცემასთან მეორე მსოფლიო ომში საქართველოს წვლილზე ილაპარაკა.

„მიმაჩნია, რომ ქართველი დროშის აღსამართად შემთხვევით არ შეურჩევიათ. ეს გარკვეულწილად სიმბოლურიც არის, რადგან სტალინი ქართველი იყო. ჩემი წინაპრებიც მონაწილეობდნენ ომში, მადლობა ღმერთს, ყველა სამშობლოში დაბრუნდა და 90 წლამდე იცხოვრეს. ქართველები თითქმის ყველა ფრონტზე იბრძოდნენ, იცავდნენ მოსკოვს და ლენინგრადს. საქართველომ მეორე მსოფლიო ომში უზარმაზარი დანაკლისი განიცადა – მოსახლეობის დაახლოებით 12 პროცენტი ამ ომს შეეწირა. ეს ფაქტი ქართველებს გვახსოვს და ვამაყობთ“, – ამბობს შოთა არველაძე.