შოთა არველაძე - მადლობა თემურ ფოცხვერიას, ის ქართული ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებს #1TVSPORT
შოთა არველაძე - მადლობა თემურ ფოცხვერიას, ის ქართული ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებს #1TVSPORT

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა თემურ ფოცხვერიას, რომელიც წლებია, ქართულ ფეხბურთს ემსახურება და საფეხბურთო მომზადების ცენტრში მომავალ თაობებს ზრდის.

„თემურ ფოცხვერიას მინდა მადლობა გადავუხადო, იმ საქმისთვის, რასაც ქართული ფეხბურთისთვის და მოზარდებისთვის აკეთებს. უკვე წლებია, ფეხბურთელებს განვითარებაში ინდივიდუალურად ეხმარება და ათობით მოზარდს ხელს უწყობს, რომ უფრო მაღალ დონეზე შეძლონ ფეხბურთის თამაში. მასთან ინდივიდუალური მომზადების პროგრამა ჩვენი ფონდის სტიპენდიანტებმა, ძმებმა პარკინაშვილებმაც გაიარეს და საკმაოდ წარმატებულადაც თამაშობენ. ერთი 17 წლამდე ნაკრების წევრია, მეორე – „საბურთალოს“ ფეხბურთელია“, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ყურადღება ფოცხვერიას დამატებითი ვარჯიშების აუცილებლობაზე გაამახვილა: 

„მინდა ყველა მოზარდს, ვისაც შრომა არ ეზარება, ვინც საკუთარი კარიერისთვის და მომავლისთვის ყველაფერს აკეთებს წარმატება ვუსურვო და ამასთანავე, ვთხოვო, გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი ვარჯიშები, საკუთარი თავის მუდმივი განვითარება და შრომა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნისთვის“”.

არველაძემ ასევე კომენტარი გააკეთა 35-ე საფეხბურთო სკოლაში ჩატარებულ ვარჯიშზე, რომელსაც თავად უძღვებოდა: 

„მოზარდ ფეხბურთელებთან ურთიერთობის და ვარჯიშის დროს, მნიშვნელოვანია ვინ და როგორ ესაუბრება მათ. რამდენად გასაგებ ენაზე და როგორ ხდება მოქმედებების ავტომატიზმამდე დაყვანა. მონდომების და ნიჭის გარდა, მნიშვნელოვანია სწორად თამაში, სწორად ვარჯიში და ამ ყველაფრის აზროვნებასთან დაკავშირება. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობისას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ და იმედი მაქვს სავარჯიშო პროცესი მათთვისაც საინტერესო იყო“.