შოთა არველაძე ლეგენდების მატჩზე - მთავარია, ასეთი თამაშების კულტურა დაინერგოს და გულშემატკივარმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს #1TVSPORT
შოთა არველაძე ლეგენდების მატჩზე - მთავარია, ასეთი თამაშების კულტურა დაინერგოს და გულშემატკივარმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს #1TVSPORT

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოში ლეგენდების მატჩის ჩატარების იდეას – 2024 წლის მარტში ბათუმი ქართული ფეხბურთის და „ინტერის“ ვეტერანების მატჩს უმასპინძლებს.

„შესანიშნავი იდეა გაჩნდა, რომ საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების და საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით საზეიმო მატჩები ჩატარდეს. ტრადიციულად, ასეთი თამაშები დიდ საფეხბურთო ქვეყნებში და ქალაქებში ტარდება და კარგია, რომ ერთ დღეს, ეს ზეიმი ათასობით კილომეტრის მოშორებით კი არა, ჩვენს ქალაქში, სახლში შედგება და პირველ მატჩს შესანიშნავი ბათუმი და მისი ულამაზესი სტადიონი უმასპინძლებს.

ჩვენი თაობის ფეხბურთელებს ის ძალა და სისწრაფეები აღარ გვაქვს, მაგრამ ამხელა წარსულის მქონე კლუბთან, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან დაპირისპირება მოტივაცია იქნება, რომ მატჩს მომზადებულები შევხვდეთ. რაღაც დონეზე ჯერ კიდევ შეგვიძლია ბურთის გაჩერება და დარტყმა მთავარია, რომ ასეთი თამაშების კულტურა დაინერგოს და გულშემატკივარმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

რაც მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ხელს ქვეყნის განვითარებაც უწყობს – რამდენიმე თვის წინ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი ჩატარდა, წლების წინ კი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი და უეფა-ს სუპერ თასი. ამიტომ, შესანიშნავი წამოწყებაა და გულშემატკივარს საშუალება ექნება საფეხბურთო ზეიმის შორიდან ყურების ნაცვლად, თავად შეძლონ მონაწილეობა და მასში სხვადასხვა ფორმით ჩართვა. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, პარტნიორებს და სპონსორებს ამ შესაძლებლობისთვის – შევხვდებით ბათუმში!“, – წერს შოთა არველაძე.