შოთა არველაძე - გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას
შოთა არველაძე - გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრების არდაშვების შესახებ არ იწონებს და გუშინდელი მატჩის შესახებ საუბრობს.

„ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს“, – აცხადებს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „ევრო 2020“-ის პლეიოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.