შოთა არველაძე – დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ კვარაცხელია ნანატრ ჯილდომდე აუცილებლად მივა #1TVSPORT

14:54, 20.10.2026

შოთა არველაძე გამოეხმაურა მარჯანიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებას (Golden Week of Football Tbilisi), რომელიც „ოქროს ბურთის“ ნომინანტის, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად გაიმართა.

„კვირაზე ნაკლები რჩება და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება, მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც აქამდე გააკეთა. მან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენი ქვეყანაც მიიყვანა იმ ნიშნულამდე, რომ დღეს მსჯელობის, კამათისა და „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს.

თუ გავიაზრებთ კვარას ნახტომს ბოლო წლების განმავლობაში, დავინახავთ, რომ არც წარმომავლობას და არც ჩვენს ოცნებებს არ აქვს საზღვარი, თუ ამ ოცნებების ასახდენად ყველაფერს ზედმიწევნით სწორად გავაკეთებთ. ასეთია ხვიჩაც და დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მივა იმ ნანატრ ჯილდომდე, როგორც ეს იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში მოხდა.

მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა ისეთი ღონისძიება, როგორიც Golden Week of Football-ია. ამან შესაძლებლობა მოგვცა, მოგვესმინა ქართველი, ფრანგი, იტალიელი და ესპანელი ჟურნალისტებისთვის, მწვრთნელებისა და ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტისთვის, რომლის საქართველოში ვიზიტი და კვარას მხარდაჭერა მადლიერებასა და პატივისცემას იმსახურებს.

მადლობა ორგანიზატორებს, სპონსორებს, პარტნიორებს, მაყურებლებსა და ყველას, ვისთვისაც ეს საკითხი, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია და კვარას მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, – აცხადებს შოთა არველაძე.

მსგავსი