შოთა არველაძე - ბელარუსთან ფორმა კი არა, ფსიქიკაა მთავარი
შოთა არველაძე - ბელარუსთან ფორმა კი არა, ფსიქიკაა მთავარი
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ 2019 წელი შეაჯამა და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეზე, ბელარუსზეც ილაპარაკა.
ტაშკენტის „ფახტაკორის“ ქართველი მწვრთნელის თქმით, 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, ფავორიტი საქართველოს ნაკრები იქნება.
„ეს 2020 წელს ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება. როგორ მოიხსნან ფსიქოლოგიური სტრესი? ეს ფეხბურთელებს კი არა, მათი ოჯახის წევრებს უნდა ვუთხრათ, ნაკლები ყურადღება მიაქციონ. წნეხს თავს როგორ დააღწევენ და ფიქრს ვინ დაუშლის? თამაშის წინა დღეს, შესაძლოა, ვარჯიშზე 50 ათასი კაცი მოვიდეს, ბუნებრივია, იფიქრებენ და ინერვიულებენ, მაგრამ ეს ბუნებრივია. მიმაჩნია, ბელარუსი სუსტი გუნდია და მათთან შედარებით დიდი უპირატესობა გაგვაჩნია – მოთამაშეთა დონითაც და იმ თამაშებიდან გამომდინარეც, რაც ბოლო ორი წელი ჩვენ და მათ ვითამაშეთ – ჩვენ წინ ვართ. მაგრამ ფეხბურთი დაუნდობელი თამაშია და კონკრეტულ დღეს არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, უპირატესობა გქონდეს, 90% ბურთს ფლობდე და მაინც მეტოქემ მოიგოს. მაგრამ სახლში ვთამაშობთ, უკეთესი გუნდი ვართ, უკეთ შეთამაშებულები“, – ამბობს შოთა არველაძე.
გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ბელარუსთან უპირატესობა სათამაშო სტილის გამოც გვექნება: „ჩვენი თამაში, მაგალითად, შვეიცარიასთამ ისე არ გამოგვივიდა, რადგან ფიზიკურად უკეთ მომზადებული ნაკრები იყო, უბურთოდ მეტი გვარბენინეს და ბურთი უფრო წაგვართვეს. ირლანდიასთან თამაში უკეთ იმიტომ გამოგვდის, რომ ბურთს ჩვენსავით ვერ იმორჩილებენ, მაგრამ ეს ფიზიკითა და სისწრაფით დააბალანსეს. ჩვენი ფეხბურთის ჩვენების შანსს ბელარუსი უფრო მოგვცემს, რადგან ასეთი დონის გუნდი არაა. ჩვენს ხასიათში უბურთოდ თამაში არაა – ბელარუსი კი ბურთს ვერ წაგვართმევს, ჩვენ გვიყვარს, როდესაც ბურთს ვფლობთ, ვაკონტროლებთ, ვდომინირებთ. ბელარუსს პირიქით, ურჩევნია დაცვითი ფორმა აირჩიოს და ბურთი შენ დაგითმოს. ანუ სცენარი ისეთია, როგორიც ჩვენ გვინდა“.
შოთა არველაძის თქმით, ერთა ლიგის ნახევარფინალში მთავარი ფსიქოლოგფიური მომზადება იქნება: „ეს ისეთი თამაშია, ფორმაში ყოფნაც არ გინდა. ბევრჯერ ყოფილა თამაშები, უთამაშებელ ბიჭები გასულან და მწვრთნელმა იცოდა, რომ 70 წუთი ითამაშებდნენ – მეტს ვერა. მაგალითად, გიოს (ქინქლაძეს), ჯამარაულს ასე ბევრჯერ უთამაშიათ – იგივე მცველებს. იქ ფორმა კი არა, ფსიქიკაა მთავარი. კოჭლი არ უნდა იყო და არ უნდა გტკიოდეს, დანარჩენი ყველაფერი ხელს შევგვიწყობს – ხალხი, მისგამ მომავალი ენერგია. წარმოუდგენლად კარგი აურა, სავსე ტრიბუნები, დროშები და … (იცინის) უკვე გადავლახე ბელარუსია“.