შოთა არველაძემ „მერანს“ საქციელი მოუწონა - ბათუმის მსგავსად, ქუთაისსაც ახალი სტადიონი სჭირდება #1TVSPORT
შოთა არველაძემ „მერანს“ საქციელი მოუწონა - ბათუმის მსგავსად, ქუთაისსაც ახალი სტადიონი სჭირდება #1TVSPORT

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ პლეი ოფის დაპირისპირებას, რომელიც ქუთაისელებმა ორი მატჩის ჯამში 3:2 (0:2 გასვლაზე, 3:0 შინ) მოიგეს და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

მარტვილის „მერანი“, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 2022 სეზონსაც ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. „მერანის“ ადმინისტრაციამ ქუთაისის სტადიონის გასახდელში მატჩის შემდეგ დატოვა წარწერა, რომლითაც გამარჯვებულ „ტორპედოს“ წარმატება უსურვა.

ამ მოვლენას საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

„ეს კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს, დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები მარტვილის „მერანს“, ქუთაისის „ტორპედოს“ ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება“, – წერს შოთა არველაძე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოში უჩვეულო დასწრებით აღინიშნა. ამაში მთავარი როლი ბათუმის „დინამომ“ ითამაშა, რომლის ბოლო შეხვედრასაც, სადაც გუნდი დააჯილდოვეს, მინიმუმ 15 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ქუთაისის „ტორპედოსა” და მარტვილის „მერანის“ პლეი ოფის განმეორებით მატჩში „რამაზ შენგელია არენაზე“. მატჩს 10-11 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს.