შოთა არველაძე - „ბარნსლისთან“ მატჩი საშინელებათა შოუ იყო #1TVSPORT
შოთა არველაძე - „ბარნსლისთან“ მატჩი საშინელებათა შოუ იყო #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ პრემიერშიფის 34-ე ტურში აუტსაიდერ „ბარნსლის“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში გუნდის თამაშზე ყველაზე მეტი მაყურებელი მივიდა, „ვეფხვებმა“ („ჰალის“ მეტსახელია) ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი წააგო – 0:2.

34 ტურის შემდეგ „ჰალ სიტი“ 34 ქულით ისევ მე-20 ადგილზეა, მაგრამ უკანა პოზიციებზე მყოფ გუნდებთან უპირატესობა ბოლო ტურებში გაანიავა. აუტსაიდერ „დერბი ქაუნთისთანწაგებიდან ორი კვირის შემდეგ, „ჰალ სიტიმ“ კიდევ ერთ აუტსაიდერთან დათმო.

„იმედგაცრუებული ვარ, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. ასეთ ნელ თამაშს ჩვენი მხრიდან არ ველოდი. ხანდახან ბევრი რამის თქმა არაა საჭირო, რადგან კარგი ბიჭები გვყავს და იციან, რომ გუნდურად არ ვითამაშეთ, იყო ინდივიდუალური შეცდომებიც და წავაგეთ. „ბარნსლისთან“ ეს მატჩი საშინელებათა შოუ იყო“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

ქართველმა მწვრთნელმა, რომელსაც 22 თებერვალს დაბადების დღეზე ასეთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა, წაგების ერთ-ერთ მიზეზად მოთამაშეთა ზედმეტი მღელვარება დაასახელა:

„დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით. ტრიბუნები სავსე იყო, გულშემატკივრები ბოლო წუთამდე გვეხმარებოდნენ. მეორე ტაიმში მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ ქულები დავკარგეთ. ამის მიუხედავად, პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ“.

26 თებერვალს კი ქართველ მწვრთნელს ყველაზე დიდი გამოცდა ელის, რადგან მისი გუნდი გასვლაზე შეხვდება ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ „პიტერბოროს“, სადაც ახლახან მთავარ მწვრთნელად გრანტ მაკკენი დანიშნეს – მწვრთნელი, რომელიც არველაძის გამო „ჰალ სიტიდან“ გაუშვეს.