შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია #1TVSPORT
შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია #1TVSPORT

UFC 316-ზე სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.

აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით მისმა მეტოქემ YouTube-ს საკუთარ არხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დვალიშვილი სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია.

„ამ ბრძოლაში იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ვემზადებოდი შესანიშნავ პარტნიორებთან ერთად და ვარჯიშებზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ როცა მერაბთან ოქტაგონში შედიხარ, ყველაფერი იცვლება. თავს დაუცველად გრძნობ, იცი, რომ მალე დაგიჭერს და გაქცევის შანსი არ გაქვს. მასთან შერკინება ნამდვილი კოშმარია. დვალიშვილი, ჩემი აზრით, სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია“, – განაცხადა ო’მალიმ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო პირველად ის იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა.