შოკისმომგვრელი ინფორმაცია ტყუილი გამოდგა - პანდევმა საქართველოსთან მატჩამდე კარანტინი აირიდა
შოკისმომგვრელი ინფორმაცია ტყუილი გამოდგა - პანდევმა საქართველოსთან მატჩამდე კარანტინი აირიდა

იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რამაც „ევრო2020“-ის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილეოთ მაკედონიის ნაკრების ხელმძღვანელობა და მისი გულშემატკივრები შოკში ჩააგდო – თითქოს რამდენიმე იტალიური გუნდი თავიანთ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდებში არ უშვებს და მათ შორის, არც ბალკანელთა კაპიტანს, გორან პანდევს. თუმცა, საბოლოოდ, ეს ცნობა მართალი არ გამოდგა.

„ერთ-ერთი გუნდია „ჯენოა“, რაც ნიშნავს, რომ გორან პანდევი ვერ შეძლებს ეროვნულ ნაკრებში მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ჩამოსვლას. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იტალიის ჯანმრთელობის რეგიონალურმა ორგანოებმა, რომლებმაც აკრძალეს ეროვნული ნაკრების წევრების მოგზაურობა შემდეგი გუნდებიდან – „ჯენოადან“, „ფიორენტინადან“, „სასუოლოლიდან“, „რომადან“, „ლაციოდან“ და „ინტერიდან“. ეს ის კლუბებია, სადაც მინიმუმ ერთი COVID-19-ით ინფიცირებული ფეხბურთელია. ეს ნამდვილად დიდი დაბრკოლება იქნება ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე. ჯერ უნდა ვნახოთ, დაადასტურებენ თუ არა „ჯენოა“ და ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია იტალიური მედიის ამ ინფორმაციას“, – წერდა ჩრდილომაკედონიური გამოცემა „სპორტსკი“.

დეტალურად საკითხზე ინფორმაცია BeIN Sports-ისა და CNN-ის კორესპონდენტმა ტანკრედი პალმერმა გაავრცელა: „ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუკრძალა „ფიორენტინას“, „ჯენოას“, „ინტერის“, „ლაციოს“, „რომასა“ და „სასუოლოს“ ფეხბურთელებს საერთაშორისო შესვენების დროს ეროვნულ გუნდებში წასვლა. ისინი საკარანტინო ზონაში უნდა დაბრუნდნენ, რადგან ბოლო კვირის განმავლობაში მათ გუნდებში COVID-19-ის სულ მცირე 1 შემთხვევა მაინც დაფიქსირდა“.

თუმცა, გამოცემა „სპორტმედიას“ ცნობით, საპანიკო არაფერია და გორან პანდევი 9 ნოემბერს სკოპიეში იქნება.

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორან პანდევი შეიძლება საქართველოსთან მატჩის წინა შეკრებაზე ვერ ჩამოსულიყო, რადგან მას „ჯენოა“ არ უშვებდა. ჩვენი ინფორმაციით, ხვალ გორან პანდევი აუცილებლად იქნება სკოპიეში და კაპიტნის სამკლაურით ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ისტორიულ მატჩში უხელმძღვანელებს. პანიკა საჭირო არ არის“.

თუმცა, „სპორტმედიას“ ცნობით, ერთადერთი კითხვა რჩება ელიფ ელმასთან დაკავშირებით, მაგრამ ბალკანელები ელიან, რომ ისიც ჩავა და ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადდება.