შკურინი ბელარუსის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს - ასე იქნება, სანამ ხელისუფლებაში ლუკაშენკოა
შკურინი ბელარუსის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს - ასე იქნება, სანამ ხელისუფლებაში ლუკაშენკოა

საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელარუსის ნაკრებში დიდი პრობლემებია. მოსკოვის ცსკა-ს და ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელის, ილია შკურინის აგენტმა ვალერი ისაევმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა უარი თქვა ბელარუსის ეროვნულ გუნდში თამაშამდე, სანამ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა შეტყობინება ილია შკურინის სახელით დაუდასტურებელ ანგარიშზე, რომ მოთამაშემ უარი თქვა ნაკრებში თამაშზე.

„ეროვნული გუნდის გაფართოებულ სიაში მოხვედრის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვე. ამიტომ ჩემს პასუხსაც აქვე ვწერ. ეროვნული გუნდის ინტერესების დაცვაზე უარს ვამბობ მანამ, სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს. გაუმარჯოს ბელორუსს!” – წერს შკურინი.

„ეს მართალია – „ინსტაგრამზე“ შკურინის სიტყვები ნამდვილად მისი დაწერილია. მე, როგორც ბელორუსის მოქალაქე, ილიას ვეთანხმები. თუ ახალგაზრდამ თავისი პოზიცია გამოხატა, ეს დანაშაული არაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას აწუხებს ის, რაც მის ქვეყანაში ხდება. მას ჰყავს ნათესავები, მეგობრები და ნათესავები. მას კომუნიკაცია უწევს ინტერნეტის მეშვეობით, რომელიც ყოველდღიურად სურთ, რომ დაგვიბლოკონ.“ – ამბობს ფეხბურთელის აგენტი.

მოახდენს თუ არა შკურინის სიტყვები გავლენას მისი ოჯახის მდგომარეობაზე? ვალერი ისაევმა კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა.

„მე ვიცი, რა ხდება მის ოჯახში. შემოწმებები არ ემუქრებათ. ასეთი ამბები დიდი ხნის წინ შეემთხვათ და ამის გამო პრობლემები ჰქონდათ. ახლა გაჩუმება აღარ შეიძლება, კმარა, ჩვენ აღარ უნდა შეგვეშინდეს,“ – ციტირებს აგენტის სიტყვებს გამოცემა „სპორტ24“ (Sport24).

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელი, ანტონ სოროკა აქციებში მონაწილეობისთვის ერთი კვირით დააკავეს. საქართველოს ეროვნული გუნდი ბელარუსს ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდება – მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.