„შკუპი“ და მარგველაშვილი ხორვატებთან დამარცხდნენ - ჩრდილოეთ მაკედონიელები ევროპალიგაზე გადაერთვებიან [ვიდეო] #1TVSPORT
„შკუპი“ და მარგველაშვილი ხორვატებთან დამარცხდნენ - ჩრდილოეთ მაკედონიელები ევროპალიგაზე გადაერთვებიან [ვიდეო] #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონმა „შკუპიმ“ ზაგრებში 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ ხორვატულ „დინამოს“ სკოპიეში უმასპინძლა და დამარცხდა.

გაგი მარგველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 26 წლის ქართველ მცველს 22-ე წუთზე ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა. ქართველი მცველი საჯარიმო დარტყმის შემდეგ მაღლა ახტა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულის სიახლოვიდან თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და ხორვატები გადარჩნენ.

მატჩის ბედი ხორვატების სასარგებლოდ 47-ე წუთზე არიან ადემიმ გადაწყვიტა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც ზაგრებელთა ერთ-ერთი ლიდერია, საჯარიმოში მცველის უყურადღებობით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

შვიდი დღის წინ „მაქსიმირზე“ ფრეს (2:2) შემდეგ სახლში წაგებით „შკუპი“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ზაგრების „დინამო“ გააგრძელებს, ხოლო მარგველაშვილი და „შკუპი“ ევროპის ლიგაზე გადაერთვებიან.

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი ირლანდიურ „შამროკს“ დაუპირისპირდება და წაგების შემთხვევაშიც კი, მინიმუმ კონფერენს ლიგაზე თამაში აქვს გარანტირებული.