შევჩენკო უკრაინის ნაკრებთან კონტრაქტს ახანგრძლივებს
შევჩენკო უკრაინის ნაკრებთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

კვირას ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს – ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „sport.ua“ ავრცელებს.

„კვირას, ლვოვში უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის (უფფ) კონგრესი გაიმართება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ანდრეი შევჩენკო კონგრესამდე უფფ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონტრაქტს ხელს 2,5-წლიანი ვადით მოაწერს – ყატარში მსოფლიო თასის დასრულებამდე“ – წერს უკრაინული გამოცემა.

შევჩენკოს მიმდინარე შეთანხმება 2020 წლის ივლისში მთავრდება. კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის დასრულებამდე გაფორმდა, რომელიც კოროვირუსული პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. 2022 წლის მსოფლიო თასი კი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ანდრეი შევჩენკოს მიმართ უკრაინის ფედერაციის ნდობა გასაგებია – ბოლო წლების ყველაზე წარმატებულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში წარმატებით იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით, ნაკრებმა ევრო2020-ის შესარჩევ ციკლის მე-8 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. გუნდმა ჯგუფში ისეთ ძლიერ მეტოქეებს აჯობა, როგორებიც არიან პორტუგალია და სერბეთი.