„შევარდენი“ მწვრთნელმა და დამფუძნებლებმა დატოვეს
„შევარდენი“ მწვრთნელმა და დამფუძნებლებმა დატოვეს

გიორგი ნემსაძემ და გეგა კიკაბიძემ თბილისის „შევარდენი 1906“ დატოვეს. ნემსაძე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო კიკაბიძე თანადამფუძნებელი, რომელმაც დიმიტრი ბარათაშვილთან ერთად უძველესი ქართული კლუბი 20-წლიანი პაუზის შემდეგ აღადგინა.

ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„გუნდის აღდგენიდან სამი წლის შემდეგ იუნკერების რიგები დატოვეს კლუბის დამფუძნებლებმა, გეგი კიკაბიძემ და გიორგი ნემსაძემ, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან გუნდში მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ნემსაძის ხელმძღვანელობით იუნკერებმა პირველი ორი წრე 17-მატჩიანი წაუგებელი სერიით მეორე ადგილზე დაასრულეს. ნემსაძის და კიკაბიძის ხელმძღვანელობის პერიოდში კლუბმა 2016 წელს მოიგო საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი, ლიგა 3. შარშან გუნდმა შეასრულა დასახული მიზანი და ლიგა 2-ში ადგილი მეექვსე პოზიციაზე გასვლით შეინარჩუნა. 2019 წლის დასაწყისში კლუბი გადაეცა ინვესტორთა ჯგუფს, რომელიც აგრძელებს კლუბის კეთილდღეობისთვის მუშაობას. ერთობლივი ძალისხმევით მოხდა ისე, რომ გუნდმა საზაფხულო პაუზამდე მოახერხა შესანიშნავი შედეგის დაფიქსირება და იბრძვის ლიგა 1-ში გადასასვლელად. კლუბი არასდროს დაივიწყებს მათ შრომას, ძალისხმევას და ყველა იმ ემოციურ მომენტს, რომელმაც ჩვენი გუნდი ერთ დიდ ოჯახად შეკრა და გააერთიანა“, – წერია „შევარდენი 1906“-ის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში არაფერია ნათქვამი მათი წასვლის მიზეზებზე. არსებული ინფორმაციით, „შევარდენი 1906“-ში ფინანსური პრობლემები შეიქმნა და იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ კლუბი, რომელსაც უკვე სხვა ჯგუფი ხელმძღვანელობს.