„შევარდენი 1906“ გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს - გადაწყვეტილების შესაცვლელად ყველა ინსტანციაში ვიბრძოლებთ #1TVSPORT
„შევარდენი 1906“ გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს - გადაწყვეტილების შესაცვლელად ყველა ინსტანციაში ვიბრძოლებთ #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „შევარდენი 1906“-მა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ ზუგდიდიდს „დინამოსთან“ ერთად, გარიგებულ თამაშებში წაყენებული ბრალდებების გამო ეროვნული ლიგა 2-დან მოკვეთა, განცხადება გაავრცელა.

„საფეხბურთო კლუბი „შევარდენი 1906“ კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების კომიტეტის გადაწყვეტილებას, გუნდისა და მისი ფეხბურთელების სანქცირებასა და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ამიტომ გამოიყენებს თავის უფლებას, დაიცვას კლუბისა და მოთამაშეების სამართლებრივი ინტერესები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, უეფას-გან მოსული ანგარიში (რაპორტი) არ იძლევა გუნდის ან მოთამაშეების დისკვალიფიცირების უფლებას. 126-ე მუხლის ამ ნაწილს მხოლოდ გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს და ჩვენთვის გაუგებარია, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის უაპელაციო გადაწყვეტილება, გუნდის გათამაშებიდან მოხსნის, დაბალ ლიგაში დაქვეითებისა და ფეხბურთელებისთვის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე. ტრადიციული და უძველესი საფეხბურთო კლუბი „შევარდენი 1906” იბრძოლებს ყველა ინსტანციაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესაცვლელად!“  ,- წერია კლუბის განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა2-ის უეფა-ს გათამაშებიდან მოხსნა და დაბალ ლიგაში დააქვეითა, გუნდების რამდენიმე მოთამაშეს კი სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალა. ეროვნული ლიგის ადმინისტრაციის ცნობით, 13 ტურის შემდეგ, ორივე გუნდის შედეგები ანულირებულია.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის თქმით, გუნდების გათამაშებიდან მოხსნისა და დაბალ ლიგაში დაქვეითების შესახებ გადაწყვტილება მიღებულია უეფა-ს მიერ თაღლითური ფსონების ამოცნობის რაპორტების საფუძველზე, სადაც გუნდების მონაწილეობა სხვადასხვა ტურში დაფიქსირდა.