შესანიშნავი დასაწყისი საფრანგეთში - მიქაუტაძემ სეზონი გოლით და საგოლე გადაცემით გახსნა #1TVSPORT
შესანიშნავი დასაწყისი საფრანგეთში - მიქაუტაძემ სეზონი გოლით და საგოლე გადაცემით გახსნა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ და „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონი შესანიშნავად დაიწყეს. ჩემპიონატის სტარტზე ქართველის გუნდი „ამიენს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

მეცის“ წარმატებაში განსაკუთრებული როლი საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა ითამაშა, რომელმაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა (წინა წლებში 2-ჯერ შეცვლებზე ითამაშა) და გოლთან ერთად, ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

გიორგი მიქაუტაძე მეტოქის კარს პირველად მე-13 წუთზე დაემუქრა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია. ანგარიში მე-20 წუთზე ლამინ გუიემ გახსნა. ქართველმა თავდამსხმელმა კი მეტოქის მცველის შეცდომით 44-ე წუთზე ისარგებლა და ძლიერი დარტყმით „მეცის“ უპირატესობა გაზარდა, 48-ე წუთზე კი მისი საგოლე პასით შეტევა იბრაჰიმა ნიანემ დააგვირგვინა.

საბოლოოდ, „მეცმა“ 3:0 გაიმარჯვა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ (77-ე წუთზე შეცვალეს) საგოლე ანგარიში საფრანგეთშიც გახსნა.