შესაძლოა, კიტეიშვილისთვის სეზონი დასრულებულია #1TVSPORT
შესაძლოა, კიტეიშვილისთვის სეზონი დასრულებულია #1TVSPORT

შესაძლოა, ოთარ კიტეიშვილმა სეზონის დასრულება ვერ მოახერხოს – ამ სამწუხარო ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Spox.com ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 10 აპრილს ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრაში დაშავდა, მაგრამ მომჯობინდა და 24 აპრილს ვენის „რაპიდთან“ გასვლით მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა. მოედანზე 58-ე წუთზე შესული კიტეიშვილი ლამის ბურთის პირველივე შეხებისას დაშავდა და 62-ე წუთზე შეცვალეს.

„შტურმმა“ კონკურენტთან მნიშვნელოვან შეხვედრაში ქულა მოიპოვა (1:1) და ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ვენის გუნდს 8 ქულით ასწრებს. თუ სასწაული არ მოხდა და ეს უპირატესობა არ გაანიავა, „შტურმი“ ვიცე-ჩემპიონი გახდება და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

სამწუხაროდ, ბოლო ერთ წელიწადში ოთარ კიტეიშვილი მესამედ დაშავდა და სრულფასოვნად საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ვერ ახერხებს – ის კლუბსაც ხშირად აკლდება და ბოლო პერიოდში ვერც საქართველოს ნაკრებს ეხმარება.

ავსტრიული გამოცემა არ აზუსტებს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს კონკრეტულად რა ტრავმა აწუხებს, მაგრამ ცნობილია, რომ მანამდე კუნთის ტრავმის გამო დაისვენა.