შეროზია „შუქურას“ კარს დაიცავს
შეროზია „შუქურას“ კარს დაიცავს

ქობულეთის „შუქურაში“ მორიგი ახალწვეული ჩაირიცხა, გუნდმა მეკარე ლუკა შეროზია დაიმატა, – ინფორმაციას ქობულეთელთა ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

„შეთანხმება მიღწეულია. „შუქურას“ მორიგი შენაძენი მეკარე ლუკა შეროზიაა. 23 წლის კიპერი ქობულეთის გუნდში თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადმობარგდა. ახალგაზრდა გოლკიპერი სწორედ, რომ „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბში 2015 წლიდან ირიცხებოდა. გასულ ჩემპიონატში შეროზიამ 7 მატჩი ითამაშა“, – წერია ქობულეთელთა გავრცელებულ ცნობაში.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ქობულეთის „შუქურამ“ ჩემპიონატისთვის დაკომპლექტება სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო. გუნდმა უკვე დაიმატა ზურაბ მუსელიანი, ამირან როხვაძე, ბრაზილიელი ლეგიონერი ჟასინტო ჟუნიორი, ნიკა ჭანტურია, გია ჩადუნელი, ლევან ინგოროყვა, მიშიკო სარდალიშვილი, კახა კაკაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი.

არიან წასულებიც – გუნდი დატოვეს დავით ჯიქიამ, დიმიტრი ტატანაშვილმა, გიორგი კურმაშვილმა, იმედა აშორტიამ, გიორგი გადრანმა და რომან ჩაჩუამ.

დატოვე კომენტარი