შერმადინმა რეალს 13 ქულა ჩაუგდო [ვიდეო]

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მესამე ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე, მადრიდის „რეალმა“  გიორგი შერმადინის „უნიკახა“ – 89:82 დაამარცხა.
მადრიდელებმა პირველ ტაიმში 12-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს, მაგრამ მესამე მეოთხედში „უნიკახამ“ 14 ქულა მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ, თავად გავიდა წინ. თუმცა, საბოლოოდ მალაგელებმა მეოთხე მეოთხედი ჩააგდეს და შვიდი ქულით დამარცხდნენ.

გიორგი შერმადინმა ზუსტად 20 წუთი ითამაშა და 13 ქულა (5/8 – ორქულიანი, 0/1 – სამქულიანი, 3/3 – საჯარიმო) დააგროვა, რასაც სამი მოხსნა დაუმატა. ქართველზე შედეგიანი მატჩში მხოლოდ ორი მოთამაშე იყო – „უნიკახადან“ მილოსავლევიჩი (15 ქულა) და „რეალიდან“ ტავარესი (14 ქულა).

„უნიკახამ“ პირველი მატჩი წააგო ჩემპიონატში, „რეალი“ კი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილს, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის „ბასკონიასთან“ ერთად, უდანაკარგოდ ლიდერობს.