შერმადინმა ესპანეთის სუპერთასზე „რეალს“ 21 ქულა ჩაუგდო [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთში საკალათბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და საქმეში გიორგი შერმადინიც ვიხილეთ. ესპანეთის სუპერთასის მინიტურნირი ქალაქ კრისტობალ დე ლა ლაგუნაში იმართება, სადაც გასული სეზონის შედეგებით 4 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა ტიტულის გასათამაშებლად.

ნახევარფინალურ მატჩში შერმადინის „ტენერიფეს“ მეტოქე მადრიდის „რეალი“ გახლდათ, რომელსაც ქართველი ცენტრის ლიდერობით კუნძულელები მთელი მატჩის განმავლობაში უგებდნენ, თუმცა საბოლოოდ დრამატულ ფინალში – 70:72 დამარცხდნენ.

გიორგი შერმადინმა 25 წუთში 21 ქულა ჩააგდო (8-დან 7 ორქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო). მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 1 დაფარება. 21 მარგი ქმედების კოეფიციენტით ის მატჩში საუკეთესო იყო.

„რეალის“ რიგებში 15 ქულა და 8 მოხსნა იაბუსელემ მიითვალა, 13 ქულა კოსიეს ანგარიშზეა. „ტენერიფეს“ რიგებში მარსელინო უერტასმა 13 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ელ კლასიკო“ გველის, მეორე ნახევარფინალურ წყვილში „ბარსელონამ“ 87:68 მოუგო „ვალენსიას“.