შერმადინმა და მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში ეფექტური გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა „რეალ ბეტისს“ უმასპინძლეს და 88:64 დაამარცხეს. ქართველი ცენტრი კანარის კუნძულელთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო, მან 21 წუთში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო – 16 ქულა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მხოლოდ მარსელინიო უერტასს (18) ჩამორჩა. ამ გამარჯვების წყალობით, „ტენერიფემ“ თასზე განთესვა დაიბევა.

ტენერიფეს 17 თამაშიდან 13 აქვს მოგებული და მესამე ადგილზეა. ამდენივე გამარჯვება კიდევ სამ გუნდს აქვს („რეალი“, „ბარსელონა“, „ბასკონია“), რომლებიც ტურს 22 იანვარს ითამაშებენ. 28 იანვარს შერმადინის გუნდი „ფუენლაბრადას“ მადრიდში ესტუმრება.

სწორედ ეს მადრიდული კლუბი დაამარცხა მისავე მოედანზე რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ – 88:72. რატის არ უთამაშია, ახალგაზრდა ქართველი განაცხადში არ იყო, მაკფადენი კი მატჩის გმირი გახდა.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში არ იყო, ის თამაშში სათადარიგთა სკამიდან ჩაერთო და საბოლოოდ 20 ქულით მურსიელთაგან ბომბარდირი გახდა. თადმა 10-დან 4 სამქულიანი, 4-დან 2 ორიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მას ასევე 3 პასი და თითო-თითო მოხსნა და ჩაჭრა დაუგროვდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) ის გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო.

მურსიას 8 მოგება და 9 მარცხი აქვს. გუნდი ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა. მაკფადენი და კომპანია 29 იანვარს ერთ-ერთ ლიდერს, „ბასკონიას“ მასპინძლობს.