შერმადინის თანაგუნდელის ტრავმის გამო ტენერიფეს მატჩი ნაადრევად შეწყდა
შერმადინის თანაგუნდელის ტრავმის გამო ტენერიფეს მატჩი ნაადრევად შეწყდა

ესპანეთის ჩემპიონატისთვის გამალებით ემზადებიან გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდები.

შერმადინის „ტენერიფე“ საკონტროლო მატჩში მადრიდის „ესტუდიანტესს“ დაუპირისპირდა, თუმცა შეხვედრა არ დასრულებულა – მე-11 წუთზე შეწყდა. მიზეზი შერმადინის თანაგუნდელის დეიან ტოდოროვიჩის ტრავმაა. მან მარცხენა მუხლი მძიმედ დაიზიანა და ოპერაცია სჭირდება. კლუბების მესვეურებმა ერთმანეთში დაილაპარაკეს და მატჩის გაგრძელება აღარ ისურვეს.

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიაც“ მადრიდულ კლუბს შეხვდა – „ფუენლაბრადასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 87:90 დათმო. შეხვედრა კანარელებმა უკეთ დაიწყეს, 22:13 დაწინაურდნენ, თუმცა „ფუენლამ“ მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა და ქულაუხვ მატჩში 3 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 17 წუთი ითამაშა, 6 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი „გრან კანარიას“ ახალწვეული იტალიელი ამადეო დელა ვალე გახდა – 22 ქულა.