შერმადინის ორმაგი დუბლი „რეალთან“ - უნიკახამ ოვერტაიმში მოიგო
შერმადინის ორმაგი დუბლი „რეალთან“ - უნიკახამ ოვერტაიმში მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა მალაგაში შედგა. გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ საკუთარ არენაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში დაამარცხა (103:102). მალაგელები მატჩის განმავლობაში 21 ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხეს.

გამარჯვებაში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ცენტრმა შეიტანა. შერმადინის ანგარიშზე 18 ქულა და 10 მოხსნა იყო. ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ ხაიმე ფერნანდესმა დააგროვა (27 ქულა, 9 გადაცემა, 5 ჩაჭრა). „უნიკახა“ 12 მოგებითა და 7 მარცხით მე-5-მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს მალაგა 9 თებერვალს შინ, „მურსიასთან“ გამართავს.