შერმადინის 17 ქულა, მოგება და საუკეთესოს ჯილდო (ვიდეო)

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით „ტენერიფე იბეროსტარმა” „ფუენლაბრადაც” დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში 4-დან 4 მოგებით ერთპიროვნულად გალიდერდა. ცარიელ დარბაზში ტენერიფელებმა საშუალო გაქანების მეტოქე გუნდი მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში 91:87 დაამარცხეს.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და საბოლოოდ ის მატჩის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინს თამაშიდან ბურთი არ აუცილებია (4-დან 4 ორქულიანი), ხოლო 10 საჯარიმო სროლიდან 9 ჩააგდო. 

საბოლოოდ შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 29 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ტენერიფელთაგან 19 ქულითა და 8 პასით მარსელინიო უერტასი გამოირჩა, რომლის სარგებლიანობაც 22 ინდექსით შეფასდა.

4-დან 4 გამარჯვებით ტენერიფელები ლიდერები არიან. 3-დან 3 მოგება აქვთ „ბარსელონასა” და “რეალს”. შერმადინს მორიგი ტურის მატჩი ყოფილ გუნდთან უწევს. „ტენერიფე” 18 ოქტომბერს „უნიკახას” უმასპინძლებს.