შერმადინის 12 ქულა „ანდორასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში
შერმადინის 12 ქულა „ანდორასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. მორიგი გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ”, ამჯერად სტუმრად „ანდორასთან” (76-86). ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა. გიომ მოედანზე გატარებულ 15 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

შერმადინს არცერთი სროლა არ გაუფუჭებია. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სამწუხაროდ, შერმადინი, რომელიც აკურატული თამაშით გამოირჩევა და ხშირად მთელი მატჩის განმავლობაში ჯარიმას არ იღებს, პერსონალურების ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდა.

„ტენერიფეს” 13 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში „გრან კანარიას” დაუპირისპირდება.