შერმადინის 11 ქულა „ესტუდიანტესთან"
შერმადინის 11 ქულა „ესტუდიანტესთან"

„ბასკონიასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ესტუდიანტესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით, 72-74 მოიგო.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. არასრულ 26 წუთში გიომ 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. ტენერიფელთა გამარჯვებაში უდიდესი როლი უბერებელმა ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა შეასრულა, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 8 პასიც ჩაიწერა პირად აქტივში.

„იბეროსტარ ტენერიფე“ მე-8 ტურის მატჩს 9 ნოემბერს, საკუთარ კედლებში „სან პაბლო ბურგოსთან“ გამართავს.