შერმადინი და ბითაძე ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრას დაესწრნენ - მეც აქ, საქართველოში, ასეთ საბავშვო ტურნირებზე გავიზარდე #1TVSPORT
შერმადინი და ბითაძე ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრას დაესწრნენ - მეც აქ, საქართველოში, ასეთ საბავშვო ტურნირებზე გავიზარდე #1TVSPORT

ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე 2021 წლის სეზონის ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრა გაიმართა და მონაწილე გუნდებს NBA-ის კლუბების სახელები მიენიჭათ. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ – მათ შორის, ესპანეთის წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებული გიორგი შერმადინი და ამერიკაში მოთამაშე გოგა ბითაძე, რომელიც კალათბურთის უმაღლეს ლიგაში განაგრძობს განვითარებას.

ჯუნიორ ნბა-ის ლიგა საქართველოში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით მეხუთედ ტარდება. ქვეყნის მასშტაბით, 2021 წლის სეზონში 77 გუნდი და 1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი მონაწილეობს – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „ნბა ჯუნიორი საქართველოში ყველაზე მასობრივი საკალათბურთო ფესტივალია და ჩემი აზრით, ქართული კალათბურთის ხვალინდელი დღე ჰქვია. მე კარგად მესმის ამ ბავშვების, რომლებსაც ბურთებისა და მაისურების დარიგება უზომოდ ახარებთ, რადგან ასეთი დღე არასოდეს გავიწყდება. მომავალში ეს ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება“.

გიორგი შერმადინი, საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი: „მე დღეს ესპანეთში მოპოვებული მვპ-თი მოვედი, რადგან ბავშვებს მინდა ვუთხრა – მეც აქ, საქართველოში, ასეთ საბავშვო ტურნირებზე გავიზარდე. ჩვენ ძალიან ძლიერი სპორტსმენები გვყავს, მაგრამ არც ერთ ჯილდოს არავინ არ მოგცემს, შენი მაქსიმუმი თუ არ დადე და ივარჯიშე. მაგრამ ამ ბავშვებსაც შეუძლიათ, რომ დიდ დონეზე ითამაშონ და საქართველო ასახელონ“.

გოგა ბითაძე, საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კალათბურთი პატარა ასაკიდანვე შეუყვარდეთ. მეც ასეთ სახალისო ტურნირებზე გამოსვლით დავიწყე კარიერა და მიმაჩნია, რომ ასეთი გზით შეიძლება შეიგრძნო ის სიხარული, რასაც კალათბურთი გვანიჭებს“.