შერმადინი ბურჯანაძის წინააღმდეგ - ქართველების 38 ქულა ესპანეთის ჩემპიონატის ერთ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ 99:97 დაამარცხა ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“. საქართველოს ნაკრების ორივე წევრი გამორჩეული იყო, თუმცა საუკეთესოდ გიორგი შერმადინი დასახელდა.

თავის მხრივ სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და სასიხარულოა, რომ ფორმაშია და შედეგიანადაც თამაშობს. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ამ სეზონში სარეკორდო დროით – 31 წუთი იმყოფებოდა.

ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძის მონაგარმა მთლიანობაში 18 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა. მისი სარგებლიანობის ინდექსმა 19-ს უწია, რაც „ბეტისის“ შემადგენლობაში მე-3 შედეგი გახლდათ.

ამ მხრივ საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი – ქართველმა ცენტრმა და „ბეტისელმაშენონ ევანსმა 32-32 სარგებლიანობა აჩვენეს, თუმცა მატჩის MVP გამარჯვებული გუნდის ლიდერი, შერმადინი გახდა. გიორგიმ 32 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

26 ქულა მიითვალა მარსელინიო უერტასმა, რომელიც შერმადინს საერთო სარგებლიანობით მცირედით ჩამორჩა.

15 მოგებითა და 9 მარცხით „ტენერიფე“ ცხრილში მეექვსეა, ხოლო ბურჯანაძის „ბეტისს“ 25 მატჩიდან 6 მოგებით ბოლო ადგილი უკავია. შემდეგ ტურში, 2 აპრილს „ბეტისი“ თად მაკფადენის „მურსიას“ უმასპინძლებს, ხოლო შერმადინის „ტენერიფე“ 3-ში საკუთარ კედლებში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.