შერეული ორთაბრძოლები | გიგა ჭიკაძე - ვიცით, როგორ ამაყობენ ჩვენით საქართველოში #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლები | გიგა ჭიკაძე - ვიცით, როგორ ამაყობენ ჩვენით საქართველოში #1TVSPORT

15 და 16 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება შერეული ორთაბრძოლების (UFC) 2022 წლის პირველი ტურნირი. ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გიგა ჭიკაძე, რომელიც კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ბრძოლა 16 იანვარს თბილისის დროით 5:40 საათზე დაიწყება.

გამოცემა „ჩემპიონატმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან, რომელსაც ჩვენს საიტზეც გთავაზობთ.

– კატართან ბრძოლაზე თითქმის ერთი წელია ვფიქრობ. ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადე. ვეცდები დროზე ადრე გავიმარჯვო. ასეთი მოგება ჩემი მომავალი საჩემპიონო მატჩისთვის აუცილებელია.

გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლამდე კიდევ იქნება შეხვედრა. რიგში მაქს ჰოლოუეია…

– კატართან მოგების შემდეგ UFC-ში ჩემი მაჩვენებელი 8/0-ზე იქნება. თუ ვოლკანოვსკისა და ჩან სონ ჯონის ბრძოლა შედგება, ამ წყვილის გამარჯვებულს დაველოდები. როგორ განვითარდება მოვლენები, შემდეგ ვნახავთ. ჩემი აზრით, რეიტინგის მეორე ნომერი ვოლკანოვსკი ძლიერი სპორტსმენია, თუმცა არა საჩემპიონო დონისა.

რაში იმალება ქართველი მებრძოლების ბოლოდროინდელი წარმატების საიდუმლო?

– 2020 წელს თითქმის ყველა ბრძოლა მოვიგეთ. საიდუმლოს რეცეპტი არ ვიცი, თუმცა ამ მომენტს დიდხანს ველოდით. UFC-ის კონტრაქტი ქართველებმა ვერ მივიღეთ, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანაში არ გავემგზავრეთ, რათა საკუთარი შესაძლებლობები უფრო უკეთ წარმოგვეჩინა. ბევრს ვვარჯიშობდით და ველოდით. UFC-ში, ფაქტობრივად, ერთდროულად მოვხვდით. ვიცი, საქართველოში ჩვენით როგორ ამაყობენ. ეს მოტივაციას მიორმაგებს. ერთგვარი შეჯიბრება გვაქვს – გვაინტერესებს ქართველებიდან პირველი ვინ მივა ჩემპიონობამდე. საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ.

როგორ აფასებთ მერაბ დვალიშვილის შანსს UFC-ში?

– ძალიან ძლიერი მებრძოლია. შესაძლოა გამოკვეთილი ტექნიკა არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ქართული გული. ის ქართული მანქანაა.

დატოვე კომენტარი