შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მეშვიდე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 81:74 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ლიდერი სასტარტო ხუთეულში იყო. პარკეტზე გატარებულ 26 წუთში თორნიკემ 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 გადაცემა და თითო ჩაჭრა-დაფარება დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა ექვსიდან სამი ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც ესპანურ გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმა 23 წუთში 5 ქულა ჩააგდო, ბომბარდირი კი 15 ქულით ნიკ სტაუსკასი გახდა. 3 მოგებითა და 4 მარცხით „ბასკონია“ ევროლიგაზე მე-12 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 ნოემბერს შენგელიას გუნდი თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.