შენგელიას გამარჯვების მომტანი დაფარება, 24 ქულა და „ბასკონიას“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება „ალბასთან“ (ვიდეო)

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ საკალათბურთო ევროლიგაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიული გუნდი 28-ე ტურში საკუთარ არენაზე „ალბას“ დაუპირისპირდა და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში, დიდწილად თორნიკე შენგელიას და მეჯ ჯენინგის დამსახურებით 73-72 დაამარცხა.

ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 34:26 წუთში 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. თორნიკემ ბოლო წამზე „ალბას“ კალათბურთელს ბურთი დაუფარა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. მანამდე კი, როდესაც ანგარიში 70-72 გერმანელების სასარგებლოდ იყო, მეტ ჯენინგმა ზუსტი სამქულიანით „ბასკონია“ დააწინაურა და როგორც შემდგომ გაირკვა გადამწყვეტი ქულები დააგროვა. ჯენინგის ანგარიშზე 10 ქულაა.

ზედიზედ მეორედ, ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია გახდა. 28 ტურის შემდეგ, საკალათბურთო ევროლიგაზე „ბასკონიას“ მსგავსად 12 მოგება კიდევ ოთხ გუნდს აქვს. მე-7 მე-8 ადგილებს „ხიმკი“ და „ფენერბახჩე“ ინაწილებენ. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 12 მარტს თელავივში „მაკაბისთან“ გამართავს.