შენგელიას გადამწყვეტი სამქულიანი „ხუვენტუდთან“ მოგებულ მატჩში
შენგელიას გადამწყვეტი სამქულიანი „ხუვენტუდთან“ მოგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში რთული გამარჯვება იზეიმა. ვიტორიულმა გუნდმა საკუთარ არენაზე „ხუვენტუდს“ უმასპინძლა და 1 ქულის სხვაობით, შენგელიას მიერ ჩაგდებული სამქულიანის წყალობით დაამარცხა. მესამე მეოთხედის შემდეგ, „ბასკონია“ 13 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა სტუმრებმა გადამწყვეტ მეოთხედში სურათის შეცვლა სცადეს და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის გამოუვიდათ.

ბასკონიელთა კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ლიდერი მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ შეხვედრა 19 ქულით, 8 მოხსნით, 2 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. შენგელიამ 7-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. „ხუვენტუდში” 20 ქულით საუკეთესო სლოვენიალი კლემენ პრეპელიჩი იყო.

12 ტურის შემდეგ „ბასკონიას“ 6 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და სატურინირო ცხრილში 8-11 ადგილებს „ვალენსიასთან“, „გრან კანარიასთან“ და „უნიკახასთან“ ინაწილებს. მომდევნო მატჩს ვიტორიული კლუბი 15 დეკემბერს სტუმრად „მურსიასთან“ გამართავს.