შენგელიას ცხრა ქულა მოსკოველთა წინააღმდეგ - ბასკონია სერიაში კვლავ ჩამორჩა, ბარსელონა საკუთარ მოედანზე შერცხვა
შენგელიას ცხრა ქულა მოსკოველთა წინააღმდეგ - ბასკონია სერიაში კვლავ ჩამორჩა, ბარსელონა საკუთარ მოედანზე შერცხვა

საკალათბურთო „ევროლიგის“ პლეიოფში მეოთხედფინალური სერიის მატჩები გაიმართა. სამწუხაროდ, დამარცხდა თორნიკე შენგელკიას „ბასკონია“ და სერიაში მოსკოვის „ცსკა“-ს წინააღმდეგ 1:2 ჩამორჩა.

გუშინ ფერნანდო ბუესას სახელობის დარბაზში გამართული მატჩი სტუმრებმა 84-77 მოიგეს. ვიტორიული კლუბის ქართველმა კაპიტანმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და არასრულ 19 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა გააკეთა. მასპინძელთა მხრიდან მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა ვენსან პორიემ. ფრანგმა ცენტრმა 19 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მოსკოველებს ნანდო დე კოლომ ულიდერა, რომელმაც ბოლო წუთებზე პრაქტიკულად უშეცდომოთ ისროლა და საერთო ჯამში მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა „ცსკა“-ს გამარჯვება. ფრანგმა უკანახაზელმა მატჩი 28 ქულით და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. სერიის მეოთხე დაპირისპირება ხვალ ისევ ვიტორიაში ჩატარდება. რუსული კლუბი, გამარჯვების შემთხვევაში, ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს. თუ „ბასკონიამ“ მოიგო, გადამწყვეტი შეხვედრა, მოსკოვში შედგება.

დღის მეორე შეხვედრა ბარსელონას „პალაუ ცენტრში“ შედგა და მასპინძელთა განადგურებით დასრულდა. სტამბოლის „ეფესი“ ბოლო 14 წლის მანძილზე პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში ას ქულაზე მეტი მოაგროვა. სტუმრებმა შეინ ლარკინის ბრწყინავლე თამაშის წყალობით „ბარსა“ ანგარიშით 102-68 გაანადგურეს, სტამბოლელთა უკნახაზელმა კი არარეალური სიზუსტით ისროლა. ლარკინმა შვიდიდან ექვსი სამქულიანი, ხუთიდან ხუთი ორქულიანი და ორივე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ჯამში, 30 ქულით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სტუმრებმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს და ევროლიგის ისტორიაში, საკუთარ დარბაზში, ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი აგემეს. „ეფესი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა. ხვალ, ამავე დარბაზში, წყვილის მეოთხე შეხვედრა შედგება და საინტერესოა, რამდენად მოასწრებს ამ შოკიდან გამოსვლას კატალონიური კლუბი.