შენგელიას „ბასკონიამ“ შერმადინის „ტენერიფე“ დაამარცხა
შენგელიას „ბასკონიამ“ შერმადინის „ტენერიფე“ დაამარცხა

ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ ქართული დერბი გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ საკუთარ არენაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა და 17 ქულის სხვაობით, ანგარიშით 75:58 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 24,45 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გიორგი შედეგიანობით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ამ გამარჯვებით, თორნიკე შენგელიას გუნდმა პლეიოფის ზონაში მოხვედრა შეძლო. რაც შეეხება შერმადინის „ტენერიფეს“, ეს გუნდი 28 ქულით მე-4 ადგილზეა.

„ბასკონია“ მომდევნო ტურში „ვალენსიას“ სტუმრად შეხვდება. 24-ე ტურში კიდევ ერთ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი