შენგელიას ბასკონია პლეი-ოფშია, ბითაძის შთამბეჭდავი მატჩი ათენში
შენგელიას ბასკონია პლეი-ოფშია, ბითაძის შთამბეჭდავი მატჩი ათენში

საკალათბურთო „ევროლიგის“ რეგულარულ სეზონში ბოლო ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. გუშინდელი მატჩების შემდეგ, პლეი-ოფის მონაწილე ყველა გუნდი გამოვლინდა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მოსკოვში ადგილობრივ „ცსკა“-სთან ანგარიშით 78-82 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, ბასკური კლუბი საუკეთესო რვაში მოხვდა და პირველ წრეში სწორედ არმიელებთან გაარკვევს ურთერთობას. გუშინდელ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა კაპიტანმა ექვსი ქულა, სამი მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ვილ კლაიბერნი გახლდათ 16 ქულით. „ცსკა“-მ რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ ბოლო ტურის შეხვედრაში ათენის „პანათინაიკოსს“ სტუმრად შეხვდა და 67-87 წააგო. დიდი ალბათობით, ქართველმა ტალანტმა მონტენეგროს კლუბის მაისურით „ევროლიგის“ ეგიდით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ბითაძე წელს ენ-ბი-ეი-ს (NBA) დრაფტზე დადგება და კარიერას მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ლიგაში გააგრძელებს. „პაოს“ წინააღმდეგ გოგა საკუთარ გუნდში ისევ საუკეთესო იყო. 19 წლის ცენტრმა 16 ქულა, რვა მოხსნა, ორი პასი და ერთი დაფარება ჩაიწერა აქტივში. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა. შეუდარებელი იყო მასპინძელთა ლიდერი ნიკ კალატესი. ბერძენმა უკანახაზელმა 11 ქულა, 18 შედეგიანი გადაცემა და 12 მოხსნა გააკეთა. 23 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯეიმს გისტმა. „პანათინაიკოსი“ პლეი-ოფში მადრიდის „რეალზე“ გავიდა. მადრიდელებმა გუშინ საკუთარ დარბაზში კაუნასის „ჟალგირისთან“ 86-93 წააგეს. ამ შედეგის შემდეგ ლიეტუვის საუკეთესო კლუბი მომდევნო ეტაპზე გავიდა. დღეს ბოლო ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი ჩატარდება.