შენგელიას 15 ქულა - „ბასკონია“ „ფენერბახჩესთან“ ორი ქულით დამარცხდა | ევროლიგა
შენგელიას 15 ქულა - „ბასკონია“ „ფენერბახჩესთან“ ორი ქულით დამარცხდა | ევროლიგა

დასრულდა საკალათბურთო „ევროლიგის“ მეექვსე ტური. სამწუხაროდ, დასანანი მარცხი განიცადა, თორნიკე შენგელიას ბასკონიამ. ესპანურმა კლუბმა, საკუთარ მოედანზე, სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ 72-74 წააგო.

ფერნანდო ბუესას სახელობის დარბაზში ჩატარებული მატჩის ბოლო წუთები უაღრესად დაძაბული გამოდგა. მასპინძლები, მესამე მეოთხედის შემდეგ შვიდი ქულის უპირატესობით ლიდერობდნენ. სტამბოლელებმა, დარჩენილ დროში ბოლომდე იბრძოლეს და მალევე მოახერხეს თამაშში დაბრუნება და უკანასკნელ წამებს ინტირგა შესძინეს, სადაც მეტოქის შეცდომების და ზუსტი საჯარიმოების ხარჯზე, ესპანელებს გამარჯვება გამოგლიჯეს.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი ძირითადში იყო და მოედანზე გატარებულ არასრულ 26 წუთში – 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა. მასზე უკეთესო ინდექსი, ილიმანე დიოპს ჰქონდა. სენეგალელმა ცენტრმა, 17 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა 7 ქულა შესძინა ვიტორიელებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელმა მსროლელმა საოცრად დაბალი პროცენტით ესროლა სამქულიანები, 11-დან მხოლოდ ერთი სროლა გამოიყენა.

„ფენერბახჩეს“ ლუიჯი დატომემ და ჟოფრეი ლოვერნიმ ულიდერეს, შესაბამისად 16 და 15 ქულით. ჟელიკო ობრადოვიჩის გუნდი, 5 მოგებით და ერთი მარცხით, სატურნირო ცხრილში, მესამე ადგილზეა. „ბასკონია“ კი ჯერჯერობით, მხოლოდ 11-ე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ბასკების მეტოქე დებიუტანტი გუნდი – მონტენეგროს „ბუდუჩნოსტი“ იქნება. ეს თამაში 15 ნოემბერს, პოდგორიცეში ჩატარდება.

დღევანდელი დღის დარჩენილი სამი მატჩი ასე დასრულდა –
პანათინაიკოს-ოლიმპიაკოსი 93-80
ბუდუჩნოსტი-ჟალგირისი 60-72
ხიმკი-ბარსელონა 80-87