შენგელია მოედანს რვა ქულით დაუბრუნდა - ბასკონიამ რუსეთში მოიგო [ვიდეო]

„ევროლიგის“ ბოლო ხუთ შეხვედრაში, მეოთხე თამაში მოიგო „ბასკონიამ“. თორნიკე შენგელია მცირე პაუზის შემდეგ, მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა. ესპანური გუნდის ქართველ კაპიტანს მთავარმა მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა და „ლიგა ენდეზას“ გასულ ტურში, შერმადინის „უნიკახას“ წინააღმდეგ, განაცხადში არ შეიყვანა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ევროლიგის 15-ე ტურში, „ხიმკისთან“ სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (77-85), მოედანზე 21 წუთზე მეტი დაჰყო და რვა ქულასთან ერთად, ოთხი მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ერთ-ერთ ეპიზოდში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მეტოქის კალათში ბურთის ეფექტურად ჩატენვა სცადა და ფარი დააზიანა.

კვლავ სასარგებლო იყო, მეტ ჯენინგი. ჩვენი ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ამჯერად 12 ქულა მოიპოვა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო შედეგი შეივონ შილდს ჰქონდა, რომელმაც 15 ქულა გააკეთა. ალექსეი შვედის არყოფნაში მასპინძელთა შორის მიკი ჯორდანი გამოირჩა 19 ქულით.

ბასკონიამ“ რეგულარული სეზონის პირველი წრე, 7 მოგებით და 8 მარცხით დაასრულა. ველიმირ პერასოვიჩის გუნდი, ამ ეტაპზე მეათე ადგილზე იმყოფება. ვიტორიელები მეორე წრეს, უკვე მომავალი წლის 4 იანვარს, სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ გასვლითი შეხვედრით დაიწყებენ.