ტრავმით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. მისმა „ბასკონიამ“ „ევროლიგის“ 27-ე ტურში, გერმანული „ბროზე“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 103-79 დაამარცხა.
ვიტორიაში გამართულ შეხვედრაში ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა, 12 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ ხნის განმავლობაში: 11 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. შენგელიამ ას პროცენტიანი სიზუსტით ისროლა 3-დან სამი ორქულიანი, 2-დან ორი სამქულიანი და 1-დან ერთი საჯარიმო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა.
გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი ჯეისონ გრეინჯერმა ჩააგდო. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 17 ქულაა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის ესპანური კლუბის აშკარა დომინაციით გამოირჩა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა.
ზედიზედ მეოთხე გამარჯვების შემდეგ, „ბასკონიამ“ მერვე პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა და დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფში მოსახვედრად. მომდევნო ტურში პედრო მარტინესის გუნდი აუტსაიდერ „ბარსელონას“ ესტუმრება, რომელმაც დღესვე გიორგი შერმადინის „უნიკახასთან“ სტუმრად, 91-95 წააგო.
შერმადინს, ტერფის ტრავმის გამო არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ცენტრი მოედანს, სავარაუდოდ ერთ თვეში დაუბრუნდება.