შენგელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
შენგელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ლევან შენგელია ჯერ თურქეთის უმაღლესი დივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, შემდეგ კი გერმანიაში გამოავალმა თურქულენოვანმა გამოცემა „გაზეტეფუტბოლმა“ ის ტურის მოთამაშედ აღიარა.

„33-ე ტურის მოთამაშე – ლევან შენგელია „კონიასპორიდან“.

„ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე მებრძოლი „ტრაბზონი“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთა ჯგუფის „კონიასთან“ 3:4 დამარცხდა, რაც წარმოუდგენლად ჩანდა. ტრაპიზონში გამართული მატჩის შემდეგ „კონიას“ მწვრთნელმა ბულენტ კორკმაზმა იცოდა, თამაშის დასრულების შემდეგ მადლობა ვისთვის უნდა გადაეხადა. მან 39-ე წუთზე დაშავებული მარკო ევტოვიჩი ლევან შენგელიათი შეცვალა, რომელმაც სტუმრებს „მედიკალ პარკზე“ გამარჯვება მოუტანა“ – წერს გამოცემა.

„გაზეტეფუტბოლმა“ ტურის მოთამაშის დამსახურებები აღნიშნა: „ქართველმა ჯერ 81-ე წუთზე ანგარიში შეამცირა (2:3), ხოლო შვიდი წუთის შემდეგ ის მეტოქის საჯარიმოში მოცელეს და „კონიამ“ პენალტი გამოიყენა – 3:3. მატჩის ბოლოს, 24 წლის ქართველი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც თანაგუნდელ ტურამს სეზონის პირველი გოლის გატანაში დაეხმარა და სტუმრებმა 3:4 მოიგეს. „კონიასპორის“ ლეგიონერმა სუპერლიგის 22 თამაშში ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მარჯვენა ფრთის მოთამაშისთვის კარგი შედეგი ნამდვილად არაა. თუმცა, არცერთ მის თანაგუნდელს მეტი გოლი არ გაუტანია“.